რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტის ცოლსა და ქალიშვილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
28/06/2022 10:00:09 მსოფლიო
რუსეთმა თავის სანქციათა სიას აშშ-ის კიდევ 25 მოქალაქე, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ოჯახის წევრები დაამატა.
"რუსეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ აშშ-iს მუდმივი სანქციების საპასუხოდ, "სტოპ-ლისტში" შევიდნენ რუსოფობიური კურსის ფორმირებაზე პასუხისმგებელი სენატორები, ე.წ. მაკფოლ-ერმაკის ჯგუფის წევრები, რომლებიც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ანტირუსული შეზღუდვების შესახებ, ასევე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ოჯახის წევრები, სულ 25 ადამიანი", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის "შავ სიაში", კერძოდ, მოხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლე და ქალიშვილი - ჯილ და ეშლი ბაიდენები. ასევე სიაში არიან კონგრესის წევრები, სენატორები, ასევე ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა, რომელიც რუსეთში ცნობილია, პირველ რიგში, 30 წლის წინ დაწერილი სტატიის გამო "ისტორიის დასასრულის" შესახებ.
რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" თანახმად აშშ-ის მოქალაქეების საერთო რაოდენობა, რომელთა წინააღმდეგ მოსკოვმა სანქციები დააწესა, 1048 ადამიანს აღწევს.
რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის პასუხად ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი აამოქმედეს.


