თურქული კომპანია უკრაინას უსასყიდლოდ გადასცემს Bayraktar-ებს
28/06/2022 06:23:18 მსოფლიო
უპილოტო საფრენი აპარატების Bayraktar-ის მწარმოებელმა თურქულმა კომპანიამ გადაწყვიტა, უკრაინელებისგან არ მიიღოს 3 საფრენი აპარატის შესაძენად შეგროვებული თანხა და ეს აპარატები უკრაინას უსასყიდლოდ გადასცეს.
კომპანია Baykar "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ბიზნესმენებმა და სხვა ადამიანებმა მიზნის მისაღწევად თანხა რამდენიმე დღეში შეაგროვეს, თუმცა, კომპანია მათ საფასურს არ გადაახდევინებს, უკრაინაში სამ უპილოტო საფრენ აპარატს უსასყიდლოდ გაგზავნის და ინიციატორებს სთხოვს, რომ შეგროვებული თანხა მოხმარდეს მებრძოლ უკრაინელ ხალხს.
უკრაინელმა ტელეწამყვანმა სერჰი პრიტულამ და ბლოგერმა იჰორ ლაჩენკოვმა გასულ კვირაში წამოიწყეს კამპანია ქვეყნის არმიისთვის სამი Bayraktar-ის შესაძენად 450 მილიონი გრივნის შესაგროვებლად. სამ დღეში სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხა ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის შესაძენად საკმარისი თანხა.


