ზელენსკი – "დიდი შვიდეულის" ლიდერებს: "ომი ზამთრამდე უნდა დასრულდეს"
27/06/2022 13:32:14 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "დიდი შვიდეულის" (G7) ლიდერებს მოუწოდა, შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი წლის ბოლომდე დასრულდეს.
"დაგვეხმარეთ, რომ ომი ზამთრამდე დასრულდეს. სასურველია ომი დასრულდეს მანამ, სანამ ზამთარი დადგება და შექმნილი პირობები უკრაინის არმიას კიდევ უფრო გაურთულებს თავდაცვას", – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ ითხოვა ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემები, რუსეთისთვის უფრო მეტი სანქციის დაწესება და უსაფრთხოების გარანტიები.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


