ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში უკრაინაში ჩავიდა
27/06/2022 13:00:18 მსოფლიო
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე ჯეიმს რიში უკრაინაში ჩავიდა.
სენატორი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა. მოლაპარაკებებზე განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, სანქციების გამკაცრება და ბოლოდროინდელი სარაკეტო დარტყმები.
"ისინი უსაფრთხოების გამოწვევებია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპის კონტინენტისთვის. ეს ცივილიზებულმა სამყარომ უპასუხოდ არ უნდა დატოვოს. ჩვენ საბოლოოდ უნდა ვაღიაროთ რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო", – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


