ზელენსკიმ G7-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები და რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციები სთხოვა
27/06/2022 10:20:45 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "დიდი შვიდეულის" (G7) სამიტზე სიტვით გამოსვლისას საჰაერო თავდაცვის სისტემები, რუსეთისთვის მეტი სანქციები და უსაფრთხოების გარანტიები ითხოვა.
ასევე, ზელენსკიმ G7-ის ლიდერებს სთხოვა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის და უკრაინის აღდგენითი პროცესების საკითხებში დახმარება.
მდიის ცნობით, "დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტს კრძალავენ. ეს ნაბიჯი მოსკოვზე სანქციების წნეხის ნაწილია, რომელიც მიზნად უკრაინაში რუსეთის ომის დაფინანსების გზების შეწყვეტას ისახავს.
Reuters-ს წყარომ გერმანიის ხელისუფლებიდან უთხრა, რომ ოქროს იმპორტის აკრძალვის გარდა "დიდი შვიდეულის" ლიდერებმა ასევე განიხილავენ რუსული ნავთობის იმპორტზე გადასახადის მაქსიმალური ზღვრის დაწესებას.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


