
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულ ადამიანებს პენსიაზე გასვლა ხუთი წლით ადრე შეეძლებათ
27/06/2022 07:11:10 საზოგადოება
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულ ადამიანებს პენსიაზე გასვლა ხუთი წლით ადრე შეეძლებათ.
კანონპროექტის მიხედვით, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირების სახელმწიფო პენსიაზე უფლება წარმოეშობათ – 60 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვთ ბოლო 25 წლის განმავლობაში 25 წლიანი შრომის უწყვეტი სტაჟი, მათ შორის, ამ პუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.
ასევე ცვლილებებით, ქალებს პენსიაზე უფლება წარმოეშობათ 55 წლის ასაკიდან, თუ აქვთ ბოლო 20 წლის განმავლობაში 20 წლიანი შრომის უწყვეტი სტაჟი, მათ შორის, ამ პუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე გამოდის.