თურქეთი განმარტავს, რატომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს
27/06/2022 06:14:10 მსოფლიო
თურქეთში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უფრო მეტ ზიანს მიაყენებს თურქეთის ეკონომიკას, ვიდრე რუსეთის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იბრაჰიმ კალინმა „ჰაბერთურქის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, "თურქეთი დამოკიდებულია უცხოურ ენერგო წყაროებზე და ამიტომ რუსეთთან ურთიერთობას ისე ავითარებს, როგორც ირანთან“.
როგორც მან აღნიშნა, "ანკარა სანქციების არდაწესებით ეროვნულ ინტერესებს იცავს":
"რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ვინ დაელაპარაკება რუსეთს, თუ ყველა დაანგრევს ხიდებს? ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ისეთი ხასიათისაა, რომ სანქციების დაწესება უფრო მეტად დააზარალებს თურქეთის ეკონომიკას, ვიდრე რუსეთის. ჩვენ მკაფიო პოზიცია დავიკავეთ. ამჟამად დასავლეთმაც მიიღო ეს – თურქეთის პოზიციაზე არაფერს ამბობენ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო".
მისი თქმით, თურქეთი ჩართულია უკრაინის მარცვლეულის გადაზიდვის საკითხში:
"თურქეთი ხდება საკვების გასაღები. ჩვენი ევროპელი მეგობრები კითხულობენ, „როდის იქნება ეს შეხვედრა, დაიწყება თუ არა გადაზიდვა?“ ზოგიერთი მათგანი რეკავს, რომ თქვან „მოდით, ვიყოთ ამ პროცესში“.
ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრას ანკარამ პირველივე დღეებში ომი უწოდა. თურქეთმა მოსკოვის ქმედებებს მიუღებელი უწოდა, აამოქმედა "მონტრეს კონვენცია", მხარდაჭერა გამოუცხადა კიევს, მან რუსულ და უკრაინულ მხარეებს შუამავლობაც შესთავაზა. ამასთან, ანკარამ მიჰყიდა კიევს სამხედრო "დრონები" და ხელი მოაწერა შეთანხმებას მეტი თანაწარმოების შესახებ, რამაც კრემლის გაბრაზება გამოიწვია. თურქეთი ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკას სირიასა და ლიბიაში ისევე, როგორც მოსკოვის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიას.


