უკრაინის პრეზიდენტი – ბელარუსის მოქალაქეებს: "თქვენ ომში გითრევენ"
27/06/2022 05:13:52 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსის მოქალაქეებს მიმართა, რომ ომში მათ ჩათრევას ცდილობენ კიდევ უფრო აქტიურად, ვიდრე ეს ხდებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან პირველ თვეებში.
ზელენსკი ბელარუსის მოქალაქეებს მიმართავს, რომ მათ ნაცვლად კრემლში უკვე ყველაფერი გადაწყვიტეს და რუსეთისთვის მათი სიცოცხლე არაფრად ღირს, მაგრამ ისინი არ არიან მონები და საზარბაზნე ხორცი და აქვთ ძალა, რომ არავის მისცენ მათ გარეშე საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლება.
როგორც ზელენსკი აცხადებს, იგი "დარწმუნებულია, რომ ბელარუსის მოქალაქეები მხარს უჭერენ უკრაინას და არა ომს და სწორედ ამიტომ, რუსეთის ხელისუფლება ომში მათ ჩათრევას და სიძულვილის დათესვას ცდილობს"
„ვიცი, რომ შეგიძლიათ მონაწილეობა არ მიიღოთ ამ ომში, თქვენი სიცოცხლე მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და არა ვიღაცას კრემლში“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


