
ETIAS, რომელიც ევროკავშირში მოგზაურებისთვის 2023 წლის მაისიდან ამოქმედდება, საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხება
26/06/2022 14:01:00 საზოგადოება
2023 წლის მაისიდან ევროკავშირში მოგზაურებისთვის "ევროპის მოგზაურობის ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა" (ETIAS) ამოქმედდება.
ETIAS–ს ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირში შესვლისთვის ბლოკის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზა არ სჭირდებათ, ვიზის მოსაკრებლის პროცედურის წინასწარ გავლა და თანხის გადახდა მოუწევთ.
ვის შეეხება/არ შეეხება ახალი რეგულაცია
ETIAS ამოქმედდება იმ არაწევრი ქვეყნებისთვის, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზა არ სჭირდებათ. ეს პროცედურა ვიზაზე ბევრად სწრაფია, ონლაინ კეთდება და არ საჭიროებს ბიომეტრიულ ინფორმაციას, თუმცა ყველა მოგზაურისთვის მისი დასტურის მიღება აუცილებელი პროცედურა იქნება, რომელსაც გადასახადიც ახლავს. ეს გადაწყვეტილება ჯამში, 60 ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შეეხება.
ETIAS და მასთან დაკავშირებული გადასახადი არ შეეხებათ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომელთაც ბლოკის ქვეყნებში გადაადგილების თავისუფლება აქვთ.
ვიზის მოსაკრებლის პროცედურა და საფასური
ევროკავშირის გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აპლიკაციის პროცესი დიდწილად ავტომატიზებული IT სისტემით მოხდება და დასტურს რამდენიმე წუთში, აპლიკანტების დაახლოებით 95%-ზე გასცემს. განსაკუთრებულ შემთხვევებში დასტურს შესაძლოა, ერთ თვემდე დრო დასჭირდეს და ყველას, ვინც უარს მიიღებს, გასაჩივრების შესაძლებლობა ექნება.
ETIAS-ის ავტორიზაცია ვალიდური იქნება 3 წლის განმავლობაში ულიმიტო რაოდენობის შესვლებზე. თუმცა მისი მფლობელები უნდა დაემორჩილონ იმიგრაციის წესებსა და დარჩენის ლიმიტებს. ამ ეტაპზე მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ბლოკში ყოველ 180-დღიან პერიოდში მაქსიმუმ 90 დღით შეუძლიათ დარჩენა.
რაც შეეხება საფასურს, ის 18-დან 70 წლამდე ადამიანებისთვის 7 ევრო იქნება. ამ ეტაპზე უცნობია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის დაწესებული თანხა.
ევროკავშირის განცხადებით, ETIAS სისტემა უსაფრთხოების ერთ-ერთი ზომაა და ბლოკს შენგენის ზონაში როგორც უსაფრთხოების, ასევე მიგრაციასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში დაეხმარება ვინაიდან ეს სქემა საზღვრის მენეჯმენტსა და საზღვრის გადაკვეთის შედეგად არსებული დანაშაულებისა და ტერორიზმის პრევენციას ემსახურება.
ETIAS-ის აპლიკაციების შევსების საწყისი თარიღი ჯერ–ჯერობით არ გამოცხადებულა.