ჯონსონი და მაკრონი უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე შეთანხმდნენ
26/06/2022 13:50:20 მსოფლიო
გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადრება.
როგორც პარიზსა და ლონდონში აცხადებენ, მაკრონი და ჯონსონი უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე, ასევე დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


