უკრაინის დაზვერვა: "კრემლი უკრაინაში ომის დასრულების ორ თარიღს განიხილავს"
26/06/2022 05:07:59 მსოფლიო
უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლის ვადიმ სკიბიცკის ინფორმაციით, კრემლი უკრაინაში ომის დასრულების ორ თარიღს განიხილავს და ისინი რუსეთის შიდა მოვლენებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, საუბარია რუსეთში დაგეგმილ საერთო ეროვნულ არჩევნებსა და საბჭოთა კავშირის შექმნის 100 წლის იუბილეზე.
დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ კრემლში ომის დასრულება 11 სექტემბრამდე სურთ, როდესაც ქვეყანაში ხმის მიცემის პროცესი ჩატარება.
სკიბიცკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მათ შორის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ბედი წყდება. კერძოდ, რუსეთის ხელმძღვანელობა უკვე საუბრობს ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებაზე უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში, რომლებსაც ამ ეტაპზე ოკუპანტები აკონტროლებენ.
"ამ ყველაფერს ახლა რუსეთის პოლიტტექნოლოგები ამუშავებენ, მიმდინარეობს ჩვენი [უკრაინული] ტერიტორიების აქტიური შესწავლა, ასევე სოციალური სიტუაციის შესწავლა - რა გააკეთონ, მოახდინონ მათი [მიწების] ინტეგრირება თუ არა. ამ დილემის წინაშე არიან", - აღნიშნა სკიბიცკიმ.
გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი 30 დეკემბერია – საბჭოთა კავშირის 100 წლის იუბილე.
"თუმცა ყველა შემდგომი მოვლენის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წარმატებას მიაღწევენ და იმაზე თუ რამდენად შევეწინააღმდეგებით ჩვენ მათი გეგმების განხორციელებაში", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


