Accentnews.ge
მოსკოვში უკრაინისა და მოლდოვისთვის EU–ის კანდიდატის სტატუსის მინიჭება აღარ მოსწონთ

მოსკოვში უკრაინისა და მოლდოვისთვის EU–ის კანდიდატის სტატუსის მინიჭება აღარ მოსწონთ

24/06/2022 18:34:56 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, „უარყოფითი შედეგები" ექნება.

„უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ იგი აგრძელებს დსთ-ს აქტიურ ექსპლუატაციას გეოპოლიტიკურ დონეზე, რათა იგი რუსეთის „შეკავებისთვის" გამოიყენოს. არ ფიქრობენ ასეთი ნაბიჯის უარყოფით შედეგებზე", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.

ორიოდ დღის წინ კი კრემლში აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის შიდა საქმე უწოდეს. კერძოდ, 17 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთს "არაფერი აქვს საწინააღმდეგო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების".

„ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, ნატო-სგან განსხვავებით, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და მე ყოველთვის ვამბობდი, ჩვენი პოზიცია აქ არის თანმიმდევრული, გასაგები: ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო“.

უკვე 24 ივნისს, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გახდა ცნობილი, კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს "ევროკავშირის შიდა საქმეა".

დღესვე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ევროკავშირი და NATO რუსეთთან საომარ კოალიციას კრებენ.

"რა თქმა უნდა, დავაკვირდებით ევროკავშირის ქცევას და ყურადღებას მივაქცევთ იმ რეალურ ნაბიჯებს, რომელთაც ის დგამს და კანდიდატი ქვეყნები დაემორჩილებიან ამ მოთხოვნებს, თუ მაინც საკუთარი დამოუკიდებლობის გამოხატვას ეცდებიან. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ევროკავშირის ბოლოდროინდელი რუსოფობიული მუხტი რაღაცგვარად შემცირდება ან სახეს შეიცვლის ახლო მომავალში. ეს არის გზა, რომელიც ევროპელებმა აირჩიეს". – თქვა ლავროვმა.

ჯერ კიდევ მაისში გაერო–ში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ "რუსეთის პოზიცია ევროკავშირის მიმართ ისეთივეა, როგორიც NATO-სთან მიმართებაში":

"აქამდე უკრაინის ევროკავშირში შესვლაზე დიდად არ ვღელავდით, მაგრამ სიტუაცია ბატონი ბორელის განცხადების შემდეგ შეიცვალა. მან თქვა: "ეს ომი მოგებულ უნდა იყოს ბრძოლის ველზე". ამასთან, ევროკავშირი უკრაინაში იარაღის მიწოდების ლიდერია. ვფიქრობ, ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ევროკავშირის მიმართ ისეთივეა, როგორიც NATO-ს მიმართ. ამ ორ ორგანიზაციას შორის დიდ სხვაობას ვერ ვხედავ".

აღნიშნულს მაშინ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "რუსეთის თვალთმაქცობის კლასიკური მაგალითი" უწოდა:

"კლასიკური თვალთმაქცი რუსეთი. აქამდე კრემლი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, ევროკავშირში გაწევრიანების - არა, ახლა კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროკავშირსაც. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვის ნებისმიერ სიტყვას ფასი არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ საუბრის დროსაც არ აქვს. სასიხარულო ამბავი ის არის, რომ მსოფლიოს აღარ აღელვებს ბარბაროსებისა და მოროდიორების აზრი".

იხილეთ ასევე: მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარს დაუჭერს – იგორ გროსუ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S