
„შინ ევროპისკენ“: სახალხო მოძრაობის მოთხოვნები ცნობილია
24/06/2022 17:32:30 პოლიტიკა, საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს მოძრაობის წევრებმა კონკრეტული მოთხოვნები გააჟღერეს.
მოთხოვნების გაჟღერებამდე მოძრაობის წევრმა შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უგულებელყო მოსახლეობის 85%–ის ნება, ფეხ–ქვეშ გათელა კონსტიტუცია. ხალხმა მათ შორის 20 ივნისსაც დაადასტურა საკუთარი ნება, რომელიც არ მოდის თანხვედრაში ბიძინა ივანიშვილის სურვილებთან, ამიტომ დეოლიგაქიზაცია მთავარი საკითხია, რის გარეშეც საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ მოხერხდება.
რტაც შეეხება დეპოლარიზაციას, მისი თქმით, შეკრებილი ხალხი ადასტურებს, სად არის დეპოლარიზაცია და სად პრობლემა.
მოძრაობამ ორი მოთხოვნა გააჟღერა:
- გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი;
- ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც 12–ვე პუნქტს, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციაშია განსაზღვრული, შეასრულებს.
ამისთვის ხელისუფლებას 1–კვირიანი ვადა აქვს.
„ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც. იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ ქართველი ხალხის რისხვას“
3 ივლისამდე კარდაკარ ვივლით და ხალხს დავარწმუნებთ, სად სუფევს საქართველოს ხსნა. 3 ივლისს წამოვალ ყველა ქალაქიდან, ერთმანეთს შევუერთებთ ნაკადებს და ავზვირთდებით თბილისში, პარლამენტის წინ. დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ ოლიათია არ დაიშლება“,– დასძინა დიღმელაშვილმა.
მოთხოვნების გაჟღერებას აქციის მონაწილეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ“ წადი!“, "წადი!"
მოგვიანებით დიღმელაშვილმა განმარტა, რას გულისხმობს ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.
„ეროვნული თანხმობის მთავრობა ნიშნავს როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების კონსენსუსით შეკრებილ მთავრობას. მას დაევალება, თორმეტივე პუნქტი, რაც არის რეკომენდაციაში, შეასრულოს 180 დღის ვადაში, რომელიც მოცემული გვაქვს ევროკავშირისგან", - უთხრა რადიო თავისუფლებას დიღმელაშვილმა
შეკითხვაზე, როგორ უნდა აირჩეს კადრები, სამოქალაქო აქტივისტმა უპასუხა:
„ამაზე არის ზუსტი ხედვები, უბრალოდ არ ვასახელებთ ადამიანებს, იმიტომ რომ დავტოვოთ სივრცე მოლაპარაკებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება ღარიბაშვილის გადადგომა, 3 ივლისს უფრო ცხადი იქნება ყველაფერი.
პრინციპი არის სრული კონსენსუსის წესი. შეიძლება, გამოიყონ დელეგატები სამივე მხრიდან და სრულ კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება შედგეს, რაც განაპირობებს იმას, მართლა ნეიტრალური ადამიანები, ტექნოკრატები შეირჩევიან, რომლებსაც ერთადერთი დავალება ექნებათ - მშვიდად მიიყვანონ ქვეყანა და შეუძღვნენ ევროკავშირში“.
მისი თქმით, ეროვნული თანხმობის მთავრობა იქნება დროებითი, გარდამავალი, ის მიემართება დეპოლარიზაციას და ამით შესრულდება ერთ-ერთი პუნქტი.
ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.