
ლაშა ბუღაძე: „უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს სამოქალაქო და ისტორიული ვალდებულება!"
24/06/2022 16:42:13 საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ“ დაიწყო.
როგორც ცნობილია, აქციაზე ტრიბუნასთან კვლავ არ იქნებიან პოლიტიკოსები, ისევე როგორც 20 ივნისის აქციის შემთხვევაში და ცნობილი გახდება სამოქმედო გეგმის შესახებ.
მანამდე აქციის მონაწილეებს მწერალმა ლაშა ბუღაძემ მიმართა.
მან მიულოცა უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც პერსპექტივის აღიარებას და პოტენციურ კანდიდატობას გულისხმობს წინაპირობების შესრულების შემდეგ, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.
„არ ვიბრძვით ძალაუფლებისთვის, ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში მოხვდეს. ვუთხრათ მათ [ხელისუფლებას], რომ თქვენ არ გენდობით!“,– განაცხადა ბუღაძემ და განმარტა, რომ სურვილის შემთხვევაში საქართველოს ყველა რესურსი ჰქონდა წარმატებისთვის და შეეძლო შესაბამისი რეფორმების გატარება, მით უფრო, რომ ასოცირებული ტრიოს ლიდერი გახლდათ.
მან მიმართა საზოგადოებასაც:
„უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს სამოქალაქო და ისტორიული ვალდებულება, რომ ეს პროცესი მივიყვანოთ ტრიუმფალურ გამარჯვებამდე და ეს არ გამოვა, თუ არ ვივლით აქციებზე და არ მივიღებთ მონაწილეობას აქტიურ პროცესში...
მიზანია არა კამათია შესათანხმებელ საკითხებზე, არამედ მთავარი შეთანხმება, რომ საქართველო უნდა გადარჩეს!“