Accentnews.ge
კალიურანდი- საქართველოზე: „მე გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოსაფხიზლებელ გადაწყვეტილებად ვხედავ“

კალიურანდი- საქართველოზე: „მე გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოსაფხიზლებელ გადაწყვეტილებად ვხედავ“

24/06/2022 15:10:48 ევროპა, პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი მიესალმება მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოსგადაწყვეტილებას და აღნიშნავს, ეს გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს.

ამასთან, როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, ევროკავშირის ინსტიტუტების განმეორებადი გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ლიდერებმა ყველა მხრიდან მარცხი განიცადეს მისწრაფების მიღწევაში.

მისი თქმით, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესს.

„ამ რთულ დროში, უკრაინაზე რუსეთის სასტიკი აგრესიისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს განმეორებადი დესტაბილიზაციის მცდელობის ფონზე, ევროკავშირის ლიდერებმა მხარდამჭერის მკაფიო მესიჯი გაუგზავნეს უკრაინელ და მოლდოველ ხალხს თავისუფლად არჩეულ ევროპულ გზაზე. მინდა, მათ მივულოცო ეს გარდამტეხი მომენტი.

ეს მისწრაფებები თანაბრადაა გაზიარებული ქართველი ხალხის მიერ. ამას მოწმობს ბოლო დღეების განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად გამართული მასობრივი აქციები. სამწუხაროდ, ევროკავშირის ინსტიტუტების განმეორებადი გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ლიდერებმა ყველა მხრიდან მარცხი განიცადეს ამ მისწრაფების მიღწევაში.

არავინ უარყოფს, რომ საქართველო, რომელიც ადრე ასოცირებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოწინავე ქვეყანად მიიჩნეოდა, რომელმაც ბევრი მიმართულებით, ევროკავშირთან ჰარმონიზებული კანონმდებლობა შექმნა, შეფერხდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა მაგალითად, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, ოლიგარქიზაცია, პოლიტიკური და მედიალანდშაფტის პოლარიზაცია.

ევროკავშირში გაწევრიანება ყველა ქვეყნისთვის არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, მკაცრი კრიტერიუმებით განპირობებული. მივესალმები მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა აღიარეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, იმის ხაზგასმით, რომ პირობები უნდა შესრულდეს, თუ საქართველოს სურს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება.

მე გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოსაფხიზლებელ გადაწყვეტილებად ვხედავ. საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დახურული არ არის. ევროპული კომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს შეაფასებს და მუშაობა უნდა დაიწყოს ახლავე. საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესს“, – წერს მარინა კალიურანდი „ტვიტერზე“.

ინფორმაციისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S