მედია – დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსული სანავთობო ტანკერები ევროპის პორტებში რეიდებს განაგრძობენ
24/06/2022 14:45:04 მსოფლიო
დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსული კომპანია "სოვკომფლოტის" სანავთობო ტანკერები ევროპის პორტებში რეიდებს განაგრძობენ, – იუწყებიან კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შესწავლის ცენტრი (OCCRP) და Reuters.
შეზღუდვების გვერდის ავლით, "სოვკომფლოტმა" თავისი შვილობილი კომპანიები კვიპროსსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში განათავსა, მისი ტანკერები ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავენ, ხოლო უსაფრთხოების სერტიფიცირებას ინდოეთში ამოწმებენ. გამომძიებელმა რეპორტიორებმა გაარკვიეს, რომ "სოვკომფლოტი" სანქციების გვერდის ავლას კვიპროსსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შვილობილი კომპანიების მეშვეობით ახერხებს, ხოლო ლიბერიის დროშის ქვეშ ცურვა საგადასახადო ნავსაყუდელია. ამრიგად, საერთაშორისო პოლიტიკისა და ფინანსების სპეციალისტის რიკარდო სოარესის აზრით, "სოვკომფლოტი" აგრძელებს უცხოური ვალუტის მიღებას, "რაც რუსეთს ძალიან სჭირდება."
Reuters აცხადებს, რომ სანქციების დაწესების შემდეგ, დასავლურმა კომპანიებმა უარი თქვეს "სოვკომფლოტის" სანავთობო ტერმინალის უსაფრთხოების სერტიფიცირებაზე. ახლა "სოვკომფლოტის" კუთვნილი ტანკერები დუბაის შვილობილი კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ თავიანთ უსაფრთხოებას ინდოეთში ადასტურებენ. ინდური სასერტიფიკატო კომპანია IRClass-ის ცნობით, მან 80-ზე მეტი გემის უსაფრთხოება დაადასტურა. 2022 წლის აპრილსა და მაისში, მისი ტანკერების უმრავლესობას გადაეცა IRClass-ის სერტიფიკატი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის უმსხვილესი გადაზიდვების კომპანია "სოვკომფლოტის" წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. შეზღუდვა ძალაში შევიდა მარტის ბოლოს შეერთებულ შტატებში და მაისის შუა რიცხვებში - ევროკავშირში.
OCCRP–სა და Reuters–ის ცნობით, ევროკავშირის პრეს–სამსახურში არ განმარტეს, თუ რატომ შეუძლიათ სანქციების დაწესების შემდეგ "სოვკომფლოტის" გემებს კვლავ შესვლა ევროპის პორტებში. კომენტარზე უარს ამბობენ კომპანია "სოვკომფლოტშიც".


