
"ტვ პირველი": "ჩვენს ოპერატორსა და ჟურნალისტს თავს დაესხნენ"
24/06/2022 10:48:15 საზოგადოება
ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს გადაღების დროს უცხო პირები თავს დაესხნენ.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას თავს უცნობი პირები დაესხნენ, აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ დოლიძის ქუჩაზე მოხდა", – აცხადებენ ტელეკომპანიაში და აღნიშნავენ, რომ უცხო პირები ჟურნალისტს თავს მხოლოდ იმის გამო დაესხნენ, რომ მას „ტვ პირველის“ მიკროფონი ეჭირა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ს 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
ტელეარხის ცნობით, თავდასხმას წინ უძღოდა მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფა რომელიც დეპუტატმა “შაბათის ეთერის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას დას ნატა ქაჯაიას მიაყენა.
„ტვ პირველი“ ხაზს უსვამს, რომ კიდევ ერთი თავდასხმა მათ გადამღებ ჯგუფზე ერთი კვირის წინ ბათუმში მოხდა. 19 ივნისს ბათუმში "ტვ პირველის" ოპერატორს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სცემეს. "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი ღამის ეთერში სტუმრის ჩასართავად ემზადებოდა, როცა მათთან უცხო პირები მივიდნენ და გინება დაუწყეს. მოგვიანებით კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.