აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად გამოცხადებას მხარი დაუჭირა
24/06/2022 06:03:38 მსოფლიო
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად გამოცხადებას. რეზოლუციის ინიციატორი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი იყო. მის წინადადებას მხარი დაუჭირა დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენტალმა.
რეზოლუციით, რომლის ინიცირებაც 2022 წლის მაისში მოხდა, რუსეთი უნდა დაემატოს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების ჩამონათვალს. რეზოლუციას კენჭი უნდა უყარონ სენატის სხდომაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს.
რესპუბლიკელი სენატორის ჯეიმს რიშის თქმით, რუსეთი, ვლადიმირ პუტინის მეთაურობით, ტეორორიზმის სპონსორი სახელმწიფოა და ის, რაც პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანების გაცემით გააკეთა, ტერორისტული აქტი იყო.
სენატორი ელის, რომ სენატში რეზოლუციას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება და საკითხს დიდი ყურადღებით მიუდგება სახელმწიფო მდივანიც.
ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამჟამად ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.


