პოდოლიაკი: "კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო "უკრაინით დაიღლება", დროა, ვაჩვენოთ, რომ მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით"
23/06/2022 08:26:04 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ დასავლეთმა მოსკოვს უნდა აჩვენოს, რომ "მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით".
"დაუსჯელი რუსული ბოროტება ყოველთვის იზრდება. არჩევნებში ჩარევა, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღის თამაშები გარდაიქმნა ქალაქების დაბომბვად, მიგრაციულ კრიზისად და შიმშილის საფრთხედ. კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო "დაიღლება უკრაინით". დროა, ვაჩვენოთ, რომ მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით", აცხადებს პოდოლიაკი.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


