Accentnews.ge
ევროპაში, მათ შორის საბერძნეთში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ იუწყებიან

ევროპაში, მათ შორის საბერძნეთში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ იუწყებიან

23/06/2022 07:22:44 მსოფლიო

ევროპაში, მათ შორის საბერძნეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიასა და საფრანგეთში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის თაობაზე იუწყებიან. ყველა ქვეყანა აცხადებს, რომ "Covid-19"-ის შტამი "ომიკრონი" დომინირებს.

პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფიცირების შემთხვევებმა ზრდა მაისიდან დაიწყო და ივნისში დღეში ინფიცირების 30 000–მდე შემთხვევა გამოვლინდა.

21 ივნისის მონაცემებით,

  • იტალიაში დაფიქსირდა 62 700-ზე მეტი შემთხვევა, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინა კვირაში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.
  • გერმანიამ განაცხადა, რომ ერთ დღეში ქვეყანაში 122 000-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა.
  • საფრანგეთში 95 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 45%–ით მეტია წინა კვირის მაჩვენებელზე.

კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე იუწყებიან დიდ ბრიტანეთშიც. ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) მონაცემებით, ბრიტანეთში რეინფიცირების შემთხვევები შვიდჯერ გაიზარდა.

ეპიდემიოლოგები შემტხვევების მკვეთრ ზრდას ორი მიზეზით სხნიან:

  • ვირუსის მიმართ იმუნიტეტის დასუსტება, რადგან ინფექციით ან ვაქცინის დოზით მინიჭებული დაცვა დროთა განმავლობაში მცირდება.
  • "ომიკრონის" ქვეშტამების – BA.4 და BA.5–ის სწრაფი გავრცელების უნარი.

„შეზღუდულ მონაცემებზე დაყრდნობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ BA.4 და BA.5 დაკავშირებული იყოს ინფექციის სიმძიმის მატებასთან, ომიკრონის BA.1 და BA.2 ვარიანტებთან შედარებით“, - აცხადებს დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) და დასძენს, რომ "შემთხვევების ზრდამ შესაძლოა, გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა".

ECDC მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებს, სიფრთხილე გამოიჩინონ "ტესტირებისა და მეთვალყურეობის სისტემების შენარჩუნებით".

”სავარაუდოა, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი გამაძლიერებელი დოზები საჭირო იქნება იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადების რისკი”, - აცხადებს ECDC.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულოა. აღნიშნული შეზღუდვა ქვეყანაში 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. გარდა ამისა, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ვაქცინის მეორე გამაძლიერებელი დოზის მიღებისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება გერმანიას, შესაძლოა, ქვეყანამ დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ დააწესოს.

საფრანგეთში კი მოქალაქეებს ვაქცინის მეორე გამაძლიერებელი დოზის მიღებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში კოვიდ–რეგულაციები თითქმის სრულადაა მოხსნილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S