თურქული "Azov Concord" პირველი უცხოური ხომალდია, რომელმაც რუსებისა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი მარიუპოლის პორტი დატოვა
22/06/2022 15:38:03 მსოფლიო
თურქეთისა და რუსეთის სამხედრო დელეგაციების შეხვედრის შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება ოთხმხრივი (თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და გაერო) შეხვედრის გამართვის თაობაზე, რომელზეც უკრაინული პორტებიდან ხორბლის გატანის საკითხი უნდა განიხილონ.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა მანამდე სასურსათო კრიზისის თემა ტელეფონით რუს და უკრაინელ კოლეგებთან განიხილა. მოგვიანებით თურქეთის სამხედრო უწყების დელეგაცია რუსეთში გაემგზავრა შავ ზღვაში ნაოსნობის განბლოკვისა და უკრაინული პორტებიდან ხორბლით დატვირთული გემების გასვლის საკითხის განსახილველად, ასევე კიევის "ბორისპოლის" აეროპორტიდან თურქული სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდების უსაფრთხო დაბრუნების თემაზე სამსჯელოდ.
ანკარის ინფორმაციით, თურქეთისა და რუსეთის სამხედრო დელეგაციების მოლაპარაკებები "კონსტრუქციულ და პოზიტიურ ჭრილში" წარიმართა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოთხმხრივი შეხვედრის გამართვის თაობაზე უკრაინის პორტებში სავაჭრო ხომალდების განბლოკვის საკითხის გადასაჭრელად.
ოთხმხრივი შეხვედრა გამართვის შემთხვევაში თურქეთში უახლოეს კვირებში შეიძლება, ჩატარდეს.
ამასთან, მოსკოვის შეხვედრას პირველი შედეგი მოჰყვა: ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ანკარის ცნობით, თურქული "Azov Concord" პირველი უცხოური ხომალდი გახდა, რომელმაც რუსებისა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი მარიუპოლის პორტი დატოვა.


