
ღარიბაშვილი: "არახამია დაჟინებით ითხოვდა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი"
22/06/2022 11:50:22 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "დავით არახამია დაჟინებით ითხოვდა, რომ საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი". ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"მთავარი ინფორმაცია მინდა, ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს. ერთ–ერთი მთავარი პარტნიორი მათი ["ნაციონალური მოძრაობის"], რომელიც ევროპაში და აშშ–ში დადიოდა და ეს მე ვიცი ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგებისგან, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი არახამია. ეს ყველაფერი ამათ [ენმ] ძალიან კარგად იციან. ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ, რომ ბატონი არახამია, ქართული გვარის მატარებელი, გამოდის სამარცხვინო ბრალდებებით. მაგალითად, ბრალი დაგვდეს მათმა მეგობრებმა უკრაინაში, თითქოს ჩვენ, მთავრობა ვავალებთ სპეცსამსახურებს და ვეხმარებით რუსულ სანქცირებულ კომპანიებს. დღემდე არცერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ ეს არის მტრობა ქვეყნის, სად არის თქვენი [ენმ] რეაქცია, სად არის თქვენი პარტნიორობა?", – განაცხადა პრემიერმა.
მანამდე, მან "ლელოს" წევრ დეპუტატ სალომე სამადაშვილს იგივე ბრალდებით "მოღალატე" უწოდა:
"სალომე სამადაშვილი დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, არ მისცეთ კანდიდატის სტატუსიო, იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს".
პარლამენტში სხდომა ამ დრომდე ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
პრემიერი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხან "გიჟს" უწოდებს, ხან მათთვის ექიმის გამოძახებას ითხოვს.
პრემიერის გამოსვლა (LIVE).