"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი რაც შეიძლება მალე უნდა დაწესდეს'
22/06/2022 05:57:32 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი რაც შეიძლება მალე უნდა დაწესდეს.
"რუსეთმა უნდა იგრძნოს მუდმივი ზეწოლა ომისთვის და მისი აგრესიული ანტიევროპული პოლიტიკისთვის. რუსეთის მორიგი მუქარა ლიეტუვის მიმართ, ენერგეტიკული ზეწოლის მორიგი ტალღა, რუსი ოფიციალური პირების მორიგი სიცრუე სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით სანქციების მეშვიდე პაკეტზე შესათანხმებლად არგუმენტებს წარმოადგენს", – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


