
კომუნიკაციების კომისია – SpaceX საქართველოში Starlink-ის გაშვებისთვის ემზადება
21/06/2022 15:30:34 საზოგადოება
საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს SpaceX-ის წარმომადგენელთან, სადაც განიხილეს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი.
„Starlink უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტკავშირი ძვირადღირებული, დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. საქართველოს კონტექსტში Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე, ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, –აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
მისი ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართვველოში არსებული ვითარება ტელეკომუნიკაციების ჭრილში. როგორც შეხვედრის შემდეგ კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ განაცხადა, „SpaceX ამ ეტაპზე მუშაობს საქართველოს ბაზარზე მისთვის საინტერესო ნიშების შესწავლაზე და ემზადება საქართველოში Starlink– ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის“.
SpaceX ილონ მასკის კომპანიაა.