მოსკოვი ჟენევის დისკუსიების "უფრო ნეიტრალურ ადგილზე" გადატანას მოითხოვს
21/06/2022 08:27:04 პოლიტიკა
მოსკოვი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გამართვის ადგილის შეცვლას მოითხოვს. ამის შესახებ დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - ანდრეი რუდენკოს ონლაინ-შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
«რუსეთის მხრიდან აღინიშნა აშშ-ის, ევროკავშირისა და ეუთოს, ასევე შვეიცარიის ნაბიჯების დესტრუქციულობა. ითქვა, რომ ისინი ქმნიან სერიოზულ წინაღობებს ჟენევის ფორმატის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამ პირობებში ობიექტურად დგება საკითხი, საერთაშორისო დისკუსიები გადატანილ იქნას ყველა მონაწილისთვის უფრო მისაღებ, ნეიტრალურ ადგილზე», – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსკოვში ირწმუნებიან, რომ მარტისთვის დაგეგმილი 56-ე რაუნდის გადადების გადაწყვეტილება თანათავმჯდომარეების მიერ ცალმხრივად, "მონაწილე ქვეყნებთან კონსულტაციების გარეშე" იქნა მიღებული.
რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს "კონფრონტაციის ლოგიკის სამხრეთ კავკასიაზე გავრცელების მცდელობაში" ადანაშაულებს და ამ სადეზინფორმაციო ნარატივზე დაყრდნობით (რომელიც, სხვათა შორის, არაერთგზის გაჟღერდა თბილისშიც, ხელისუფლებასთან აფილირებული პროპაგანდისტული საშუალებების მიერ) აცხადებს, რომ "ამ პირობებში საქართველოსა და აფხაზეთს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმება, ასევე მათ შორის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება პრიორიტეტული ხდება".
«ამ პრინციპული საკითხების გადაჭრის გარეშე ამიერკავკასიაში მყარი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზანი მიუღწეველი იქნება», – ირწმუნებიან მოსკოვში.


