
საერთაშორისო მედია – თბილისის აქციაზე: 120 000 დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად
21/06/2022 05:53:01 პოლიტიკა
საქართველოს დედაქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართული აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ" საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
სააგენტო "ფრანს–პრესი" (AFP) იუწყება, რომ 120 000 დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად. გამოცემის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი "დრონით" გადაღებულ კადრებს ეფუძნება.
AFP იტყობინება, რომ აქციის მონაწილეების ნაწილს ხელში ეჭირა პლაკატები წარწერით "ჩვენ ევროპა ვართ".
"აქცია პროდემოკრატიული ჯგუფების მირ იყო ინიცირებული, რომელსაც მხარი ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა, რათა "ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულება ეჩვენებინათ".
„ქართული ოცნების“ მთავრობა მზარდი საერთაშორისო კრიტიკის წინაშე დგას, რადგან არსებობს აღქმა, რომ დემოკრატიის უკუსვლა ხდება, რაც სერიოზულად აზიანებს თბილისის ურთიერთობას ბრიუსელთან", – წერს გამოცემა.
ამასთან, AFP ციტირებს ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გაცემულ რეკომენდაციას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თაობაზე. კერძოდ, გამოცემა წერს, რომ ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს:
"ევროკომისიამ განაცხადა, რომ პირობები, რომლებიც თბილისმა უნდა შეასრულოს, მოიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის შეწყვეტას, მედიის თავისუფლების კუთხით პროგრესს, სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმებს, ასევე – „დეოლიგარქიზაციას“.
როგორც AFP აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ აკონტროლებს მისი ძლევამოსილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი":
"საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ივანიშვილი, რომელსაც ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა არ აქვს, ქვეყანას კულუარებიდან მართავს. მიმდინარე თვის დასაწყისში ევროპარლამენტმა მიიღო შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებდა ევროკავშირს დაეწესებინა პირადი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ".
თბილისში გამართულ აქცია ეხმიანება Aljazeera, რომელიც აღნიშნავს, რომ აქციაზე, რომელიც პროდემოკრატიული ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული, 60 000 დემონსტრანტი გამოვიდა.
"ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქვეყნის ქუჩებში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადადების რეკომენდაცია გასცა. საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფრიალით დაახლოებით, 60 000 დემონსტრანტი შეიკრიბა საქართველოს პარლამენტის წინ მარშზე „შინ ევროპისკენ". ქვეყნის წამყვანმა პროდემოკრატიულმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ მათ წამოიწყეს აქცია იდეით -"ვაჩვენოთ ქართველი ხალხის ერთგულება მისი ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი",– წერს გამოცემა
Aljazeera–ს მსგავსად "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიურო (RFE/RL) აღნიშნავს, რომ აქციას ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე ათიათასობით ქართველი გამოვიდა.
"ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ღონისძიებას, განაცხადეს, რომ მათ სურდათ, "ქართველი ხალხის ერთგულების დემონსტრირება ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი".
RFE/RL AFP–ს მსგავსად ციტირებს ევროკომისიის რეკომენდაციას და პრემიერ –მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას:
"კომისიამ რეკომენდაცია გაუწია თბილისისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა ისტორიულ გადაწყვეტილებად შეაფასა. მან პირობა დადო, რომ იმუშავებს ბრიუსელთან, რათა შეასრულოს ყველა მოთხოვნა და მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი“.
RFE/RL ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და დასძენს, რომ აღნიშნულს ხელი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებამაც შეუწყო.
"საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იტანჯება პოლიტიკური პარალიზაციითა და დაძაბულობის ესკალაციით პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის. კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებამ", წერს RFE/RL.
თბილისში გამართულ აქციას ეხმიანებიან "Euractiv" და "Euronews". ორივე გამოცემა AFP–ს სტატიას ციტირებს.
ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველი გამზირზე აქცია 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.
დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.
მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.