რუსეთი ლიეტუვას ულტიმატუმს უყენებს
20/06/2022 10:54:41 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიეტუვას ულტიმატუმს უყენებს. კერძოდ, როგორც სერგეი ლავროვის უწყებაში განაცხადეს, „რუსეთი იტოვებს უფლებას, იმოქმედოს თავისი ინტერესების დასაცავად, თუ ლიეტუვა არ განაახლებს ტვირთების ტრანზიტს კალინინგრადში უახლოეს დროში“.
უწყების ცნობით, 20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ლიეტუვის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვირჯინია უმბრასენი.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ უახლოეს მომავალში სატვირთო ტრანზიტი კალინინგრადის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციის დანარჩენ ტერიტორიებს შორის ლიეტუვის გავლით სრულად არ აღდგება, მაშინ რუსეთი იტოვებს უფლებას, მიიღოს ზომები თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად“- ნათქვამია განცხადებაში.
17 ივნისს კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა განაცხადა, რომ ლიეტუვის რკინიგზისგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, 18 ივნისიდან რუსეთიდან კალინინგრადის მიმართულებით გაგზავნილი პროდუქციის 40-50%–ის გატარება აიკრძალება, მათ შორის ქვანახშირის, სამშენებლო მასალების, მეტალების და მოწინავე ტექნოლოგიების. რუსმა სენატორებმა აღნიშნულს „კალინინგრადის ბლოკადის მცდელობა და რუსეთის წინააღმდეგ აგრესია“ უწოდეს.
მანამდე ლიეტუველმა პარლამენტარების ჯგუფმა გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ქვეყნის გავლით შესაძლოა, უკრაინაში მოპარული მარცვლეულის ტრანსპორტირებაც ხორციელდებოდეს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მანტას ადონენასმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ ელოდებიან ევროკომისიის დასტურს კალინინგრადის მიმართულებით ტვირთის გატარების შესაჩერებლად. ვილნიუსმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქციის დაწესება ევროკავშირის დონეზე ხდება.
აპრილში ევროკავშირმა სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში რუსეთიდან ხის, ცემენტის, ქვანახშირისა და სხვა საქონლის იმპორტი აკრძალა. მარტის შუა რიცხვებში, ევროკავშირმა აკრძალა ფოლადისა და რკინის პროდუქტების იმპორტი.


