
დღეს საქართველოსა და საზღვარგარეთ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი აქციები გაიმართება
20/06/2022 05:30:14 საზოგადოება
დღეს საქართველოსა და საზღვარგარეთ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი აქციები გაიმართება.
ღონისძიება თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ 20:00 საათზე დაიწყება. აქცია „სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.
როგორც სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
21:00 საათზე აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.
„სირცხვილიას“ წევრი ნოდარ რუხაძე აცხადებს, ამ შეკრების მიზანია, „ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს ევროპული არჩევანი“.
თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეთა შეკრებები საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის 18:00 საათზე ზუგდიდში, 19:00 საათზე ბათუმში და 15:00 საათზე ქუთაისში გაიმართება.
ამასთან, მსგავსი შეკრებები ჩატარდება ევროპის ქალაქებში, მათ შორის ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.
ცნობისთვის: ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს.
ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება.
კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.