ბრიტანეთის გენშტაბის უფროსი: "მზად უნდა ვიყოთ ევროპაში ომისთვის"
19/06/2022 14:57:12 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის არმიის გენერალური შტაბის ახალი უფროსი, გენერალი პატრიკ სანდერსი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ბრიტანეთის არმია რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისთვის მზად უნდა იყოს.
"უკრაინაში რუსეთის შეჭრა ხაზს უსვამს ჩვენს მთავარ მიზანს - დავიცვათ დიდი ბრიტანეთი და მზად ვიყოთ ომების მოსაგებად. ბრიტანეთს უნდა ჰყავდეს არმია, რომელსაც შეუძლია, იბრძოლოს ევროპაში და დაამარცხოს რუსეთი. ჩემი მიზანია დავაჩქარო არმიის მობილიზაციისა და მოდერნიზაციის პროცესი, რათა გაძლიერდეს ნატო და რუსეთს ევროპის ოკუპაციის შესაძლებლობა წაერთვას. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც არმია კიდევ ერთხელ უნდა მოამზადოს ევროპაში ომისთვის. აუცილებლად სწრაფად უნდა შევქმნათ არმია, რომელსაც უნარი შესწევს, მოკავშირეების მხარდამხარ იბრძოლოს და დაამარცხოს რუსეთი", – განაცხადა სანდერსმა.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთი უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცების გაგზავნას გამორიცხავს.
პატრიკ სანდერსმა გენშტაბის ხელმძღვანელის თანამდებობა 13 ივნისს დაიკავა.
მიმდინარე კვირაში კიევში ვიზიტის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთ–უკრაინის ომი ხანგრძლივი იქნება და ნატო–ს წევრები მზად უნდა იყვნენ ამისთვის.
ასევე მან აღნიშნა, რომ თუკი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეძლებს უკრაინის დამორჩილებას, ის ამაზე არ შეჩერდება.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


