უკრაინა რუსულ მუსიკას მედიასა და საზოგადოებრივ ადგილებში კრძალავს
19/06/2022 14:44:05 მსოფლიო
უკრაინის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსული მუსიკის შესრულებას საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე მათ ტრანსლირებას მედიასა და ტრანსპორტში.
კანონპროექტის თანახმად, იკრძალება რუსული მუსიკალური ნაწარმოებების, მათ შორის მუსიკალური კლიპების საჯარო შესრულება და მაუწყებლობა იმ არტისტების მიერ, რომლებსაც 1991 წლის შემდეგ ჰქონდათ ან აქვთ რუსეთის მოქალაქეობა.
ნორმის დარღვევის შემთხვევაში, ტელერადიოკომპანიებს სალიცენზიო მოსაკრებლის 10%-იანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
აღნიშნული კანონი არ შეეხება იმ შემსრულებლებს, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმეს.
იმისთვის, რომ მოხვდნენ გამონაკლისთა სიაში, ჩაატარონ გასტროლები უკრაინაში, კანონპროექტი არტისტებს ან მათ წარმომადგენლებს ავალდებულებს შესაბამისი განაცხადი წარუდგინონ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, დადგენილი ფორმით.
განცხადებასთან ერთად, ხელოვანებმა ხელი უნდა მოაწერონ დეკლარაციას, რომლის შინაარსიც გმობს აგრესიას და მოითხოვს ომის დაუყონებლივ შეწყვეტას.
გამონაკლისთა სია განთავსდება და განახლდება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ვებ–საიტზე.
გარდა ამისა, პარლამენტმა გაზარდა უკრაინული მუსიკის კვოტა რადიოსადგურებისა და ტელეარხების ეთერში.


