კრემლმა პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზეც შეიცვალა
17/06/2022 17:22:58 მსოფლიო
კრემლმა თავისი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზეც შეცვალა. კერძოდ, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთს "არაფერი აქვს საწინააღმდეგო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების".
„ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, ნატო-სგან განსხვავებით, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და მე ყოველთვის ვამბობდი, ჩვენი პოზიცია აქ არის თანმიმდევრული, გასაგები: ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
მისივე მტკიცებით, მოსკოვი "უკრაინის მხოლოდ სამხედრო განვითარებას აპროტესტებდა, თორემ ნებისმიერ გაერთიანებაში ეკონომიკური ინტეგრაცია თავად უკრაინელების გადასაწყვეტია".
ჯერ კიდევ მაისში გაერო–ში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ "რუსეთის პოზიცია ევროკავშირის მიმართ ისეთივეა, როგორიც NATO-სთან მიმართებაში":
"აქამდე უკრაინის ევროკავშირში შესვლაზე დიდად არ ვღელავდით, მაგრამ სიტუაცია ბატონი ბორელის განცხადების შემდეგ შეიცვალა. მან თქვა: "ეს ომი მოგებულ უნდა იყოს ბრძოლის ველზე". ამასთან, ევროკავშირი უკრაინაში იარაღის მიწოდების ლიდერია. ვფიქრობ, ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ევროკავშირის მიმართ ისეთივეა, როგორიც NATO-ს მიმართ. ამ ორ ორგანიზაციას შორის დიდ სხვაობას ვერ ვხედავ",– განაცხადა პოლიანსკიმ.
აღნიშნულს მაშინ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "რუსეთის თვალთმაქცობის კლასიკური მაგალითი" უწოდა:
"კლასიკური თვალთმაქცი რუსეთი. აქამდე კრემლი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, ევროკავშირში გაწევრიანების - არა, ახლა კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროკავშირსაც. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვის ნებისმიერ სიტყვას ფასი არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ საუბრის დროსაც არ აქვს. სასიხარულო ამბავი ის არის, რომ მსოფლიოს აღარ აღელვებს ბარბაროსებისა და მოროდიორების აზრი".
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ დღეს დადებითი რეკომენდაცია გასცა უკრაინის მისწრაფებაზე, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. რამდენიმე დღეში საკითხზე ევროპულმა საბჭომ უნდა იმსჯელოს. არის მოლოდინი, რომ საბჭო კომისიის რეკომენდაციას დაამტკიცებს.


