
დეისაძე: „ოპოზიცია მთავრობასთან ერთად ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს შედეგი დამდგარიყო! ახლა ხალხი უნდა დადგეს ერთად!“
17/06/2022 12:37:32 საზოგადოება
ხელოვანები ხელისუფლებას ევროკომისიის დასკვნაში მითითებული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ. ერთობლივი მიმართვა მათ წალენჯიხიდან გაავრცელეს, სადაც ადგილობრივებთან მართავდნენ შეხვედრას.
„ხელისუფლება წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა, მთელი პასუხისმგებლობა გადმოდის საქართველოს მოქალაქეებზე – ყველა პროფესიის ადამიანზე. ლიტერატურა ვერ იქნება განზე, პირიქით, იქნება ამ ამბების შუაგულში. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, ჩვენი პროტესტის ხმა. 20 ივნისს ეს უნდა გაიგოს მთელმა საქართველომ და ევროპამ. მოვუწოდებ ყველას, 20 ივნისს დაგეგმილ აქციას შევუერთდეთ“,– განაცხადა რატი ამაღლობელმა.
ერეკლე დეისაძე მმართველ გუნდთან ერთად პასუხისმგებლობას ოპოზიციასაც აკისრებს და მიიჩნევს, რომ ახლა ხალხმა უნდა დააფიქსიროს საკუთარი ინტერესი:
„ამ შედეგში ცალსახა პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ აქვე არ უნდა გამოვტოვოთ ოპოზიციის პასუხისმგებლობაც, რადგან მთავრობასთან ერთად ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. ყველა ბრალეულია, ვინც ამ პროცესში საკუთარი მერკანტილური, პარტიული ინტერესები უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე ქვეყნის საერთო მიზანი. ამდენი წლის განმავლობაში ამ ერმა ბევრი სისხლი დაღვარა ამ მიზნისთვის, მაგრამ სამწუხაროა, რომ დღეს ასეთი პოლიტელიტის ხელში ვართ. მგონია, რომ ისევ ხალხი უნდა დადგეს ერთად და გამოხატოს საკუთარი ინტერესი“.
მწერლები აღნიშნავენ, რომ აღარ არის დრო, დავფიქრდეთ, გვეხება თუ არა პოლიტიკა, ვინაიდან ახლა გადამწყვეტი მომენტია.
ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს შემთხვევაში კი კომისიის რეკომენდაციაა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.
იხილეთ ასევე: "დეოლიგარქიზაცია", ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის