გაერო – 24 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით პერიოდში უკრაინაში ომის შედეგად 4481 რიგითი მოქლაქე, მათ შორის 284 ბავშვი დაიღუპა
17/06/2022 08:32:54 მსოფლიო
გაერო–ს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით პერიოდში უკრაინაში ომის შედეგად 4481 რიგითი მოქლაქე, მათ შორის 284 ბავშვი დაიღუპა.
4481 ადამიანიდან, სულ მცირე, 1 348 პირი, მათ შორის 70–მდე ბავშვი მარიუპოლში დაიღუპა.
მისი ცნობით, საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 5565 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 462 ბავშვია.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


