სტოლტენბერგი რომის პაპის ბრალდებებს პასუხობს
16/06/2022 13:32:28 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივანი ეინს სტოლტენბერგი რომის პაპ ფრანცისკეს ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ "ნატო თავდაცვითი ალიანსია". ამის შესახებ მან ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ნატო თავდაცვითი ალიანსია, უკრაინაში მიმდინარე ომი კი პრეზიდენტ პუტინის ომია. რასაც ნატო მრავალი წლის განმავლობაში აკეთებს არის ევროპაში – უკრაინაში დამოუკიდებელი, სუვერენული ერის მხარდაჭერა. ეს არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს არ არის პროვოკაცია და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაგრძელებთ. სწორედ პრეზიდენტი პუტინი და მოსკოვია პასუხისმგებელი უკრაინის წინააღმდეგ ამ სასტიკ აგრესიაზე", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცოტა ხნის წინ რომის პაპმა აღნიშნა, რომ "უკრაინაში რუსეთის შეჭრა შესაძლოა, გარკვეულწილად პროვოცირებული იყოს".


