დრაგი ირპენის მონახულების შემდეგ: "ყველაფერს აღვადგენთ"
16/06/2022 13:15:13 მსოფლიო
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პირობა დადო, რომ უკრაინას აღდგენაში დაეხმარება.
"ყველაფერს აღვადგენთ. მათ დაანგრიეს საბავშვო ბაღები. ყველაფერი აღდგება", – განაცხადა იტალიის პრემიერმა.
ევროპის ოთხი ქვეყნის – იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუმინეთის ლიდერები უკრაინაში დღეს ჩავიდნენ. მათი განცხადებით, ვიზიტის მიზანი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა, ასევე იმის ხაზგასმაა, რომ დახმარება, რომელსაც უკრაინას აწვდიან, გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


