დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა
16/06/2022 11:24:55 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა.
ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პატრიარქს სანქციები რუსეთის სამხედრო აგრესიის აშკარა მხარდაჭერისთვის დაუწესეს.
გარდა ამისა, ბრიტანული სანქციების სამიზნე რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა გახდა. მიზეზად მარია ლვოვა-ბელოვას მიერ უკრაინელ ბავშვთა რუსეთში იძულებით გადაყვანა და გაშვილება სახელდება.
ამასთან, სანქციები შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირეებს, სამხედრო მეთაურებსა და იარაღის დილერებს.
"დღეს ჩვენი სამიზნე პუტინის ომის ხელშემწყობები და ჩამდენი პირებია, რომლებმაც დიდი ტანჯვა მოუტანეს უკრაინას. ჩვენ არ დავიღლებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით და პუტინზე ზეწოლის გაგრძელებით, სანამ უკრაინა წარმატებას არ მიაღწევს", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


