მაკრონი: "ირპენში ომის დანაშაულებია ჩადენილი"
16/06/2022 10:03:33 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქ ირპენში ომის დანაშაულებია ჩადენილი. ამის შესახებ მან ქალაქის მონახულების შემდეგ განაცხადა.
„ეს არის გმირული ქალაქი, სადაც ბარბაროსული ქმედებები განხორციელდა", – განაცხადა მაკრონმა.
ირპენში მაკრონთან ერთად სხვა ევროპელი ლიდერები – გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ–მინისტრი მარიო დრაგიც იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით, ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


