"ჩვენ გავაორმაგეთ საბრძოლო ბატალიონების რაოდენობა ბალტიიდან შავ ზღვამდე, მაგრამ ჩვენი ხალხის უსაფრთხოების დასაცავად მეტი უნდა გავაკეთოთ"
16/06/2022 09:00:23 მსოფლიო
ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო–ს წარმოდგენილობის ზრდის მიუხედავად, კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
"ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად, ევროატლანტიკური უსაფრთხოება უდიდესი საფრთხის წინაშეა. ამჟამად ნატო–ს უშუალო მეთაურობის ქვეშ ჩვენ 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი გვყავს, ისინი გალაგებულია ძირითადად ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ გავაორმაგეთ მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფების რაოდენობა ბალტიიდან შავ ზღვამდე. მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხის უსაფრთხოება ახლა და მომავალ წლებში. დღეს ჩვენ მოვამზადებთ ნიადაგს მადრიდის სამიტისთვის, სადაც მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნებისთვის", – განაცხადა სტოლტენბერგმა ნატო–ს მინისტერიალის დაწყების წინ.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალი გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება.


