
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
16/06/2022 07:55:19 პოლიტიკა, საზოგადოება
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გვარამიას დაპატიმრებით საქართველოს ევროპულ მომავალს რეალური საფრთხე შეექმნა.
"ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით სამართლიანი კრიტიკა ევროპარლამენტის 2022 წლის 8 ივნისის რეზოლუციაშიც „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევების შესახებ“ აისახა, რომლითაც ევროპარლამენტმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტები, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლო პროცესები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების სფეროში. მოხარული ვართ, რომ თქვენ მიერ 2022 წლის 14 ივნისს გაჟღერებული წუხილი, ევროპასთან ინტეგრაციის ხარვეზებთან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას უდროოდ დაკავებას და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დასჯასაც შეეხო. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს. აღნიშნული დასკვნის საფუძველია საქართველოს სახალხო დამცველის , საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებები. ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ ნიკა გვარამიას დაკავებას არაერთი შიდა და საერთაშორისო აქტორი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. შეწყალების ინსტრუმენტი სახელმწიფო მეთაურთა ძალაუფლების პაკეტის ისტორიული კომპონენტია. საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი შეწყალებას საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ კომპეტენციად განიხილავს. ურთიერთშეკავების და გაწონასწორების (checks and balance) მექანიზმში მინიჭებული ფუნქციების მიღმა, სამართლის დოქტრინაში შეწყალების ინსტრუმენტის რამდენიმე ტრადიციული მიზანი განიხილება. მათ შორისაა ერის კონსოლიდაცია და სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ერის კონსოლიდაციისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვის შესახებ თქვენ მიერ გაკეთებული განაცხადი განსაკუთრებული შემოთავაზებაა ქართული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში. ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი მოსახლეობის გაცხადებული სურვილია, საქართველოს პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მოგმართავთ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, შეიწყალოთ ნიკა გვარამია და ამ გზით შეასრულოთ საკუთარი როლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასა და საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში. თქვენი უფლებამოსილების გამოყენებით დაამტკიცოთ ევროკავშირის წევრობის რეალური სურვილი და მზაობა ქვეყანამ გადალახოს არსებული დაბრკოლებები", – ნათქვამია განცხადებაში.
განცახდებას ხელს აწერენ: "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", "ლიბერალური აკადემია თბილისი", "მედიაკლუბი", "მედიის განვითარების ფონდი", "მედიის ომბუდსმენი", "რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი", "სატელევიზიო ქსელი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია", "საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია", "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" და "ღია საზოგადოების ფონდი".
16 მაისს გვარამიას თავისუფლების 3 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯეს.