"თუ დონეცკი აიღო და გაჩერდა, ეს რუსეთის გამარჯვებაა"
15/06/2022 08:24:51 პოლიტიკა, მსოფლიო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ რუსეთის ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონეცკის ოლქის დაკავება შეძლეს, “შეიძლება, ამით დასრულდეს ომი”. ამის შესახებ მან “პალიტრა ნიუსის” ეთერში ისაუბრა.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ დასავლეთი ცდილობს, საქართველოს ომში ჩართვას, ან ამერიკა, ან ევროკავშირი თავს გვახვევს ომს, კობახიძემ შემდეგი განაცხადა:
“მე ერთი ვთქვი და ძალიან ზოგადად ვიტყვი ახლაც. რა თქმა უნდა, სუბიექტური ინტერესი ამ კუთხით შეიძლება, არსებობდეს. ნახეთ, რა კუთხით – რა თქმა უნდა, საქართველოს ჩართვა ომში, მეორე ფრონტის გახსნა, რუსეთს გაურთულებს ვითარებას, ახლა არ აქვს სათანადოდ გართულებული ვითარება უკრაინაში. მძიმედ წარიმართება, ხომ, პროცესები? სევეროდონეცკში მძიმედ მიდის პროცესი, იქ გადავლენ ლისიჩანსკზე, დონეცკი და ა.შ. შეიძლება, ამით დასრულდეს ომი და თუ ასე მოხდა – მე არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დასრულდება – მაგრამ თუ ასე მოხდა, რომ დონეცკის ოლქი აიღო და გაჩერდა რუსეთი, ეს არის, რა თქმა უნდა, რუსეთის გამარჯვება იმიტომ, რომ ექნება უკრაინის 22 თუ 23% ოკუპირებული, მთელი აზოვის ზღვა წაღებული და ა.შ.”, – განაცხადა კობახიძემ.


