მედია – უკრაინაში მერძოლი 2 ამერიკელი შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს
15/06/2022 19:25:18 მსოფლიო
უკრაინაში მერძოლი 2 ამერიკელი შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს, – იუწყება CNN.
მისი ცნობით, 39 წლის ალექსანდრე ჯონ-რობერტ დრუეკი და 27 წლის ენდი ტაი ნგოკ ჰუინი უკრაინელ ძალებთან ერთად ხარკოვის ჩრდილოეთით იბრძოდნენ. ისინი თითქმის ერთი კვირაა, უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.
CNN წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამერიკელები ბრძოლის დროს დაიკარგნენ, სამძებრო მისიებმა კი მათ კვალს ვერ მიაგნეს. ამის შემდეგ რუსულ პროპაგანდისტულ ტელეგრამ–არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის მახლობლად ორი ამერიკელი დააკავეს.
ერთ-ერთი მებრძოლის დედამ CNN-თან საუბრისას თქვა, რომ სავარაუდოდ, ამერიკელი მებრძოლები სამხედრო ტყვეები არიან, თუმცა ეს ჯერ–ჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არაა.
დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განაცხადა რომ მათ „აშშ საქმის კურსშია ამერიკელი მებრძოლების შესახებ გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობების თაობაზე".
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვიტარებას და კავშირზე ვართ უკრაინის ხელისუფლებასთან. კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ", – დასძინა პრეს–სპიკერმა.


