Accentnews.ge
ლუგარის ლაბორატორიის კარი დღეს მედიისთვის კიდევ ერთხელ გაიხსნა

ლუგარის ლაბორატორიის კარი დღეს მედიისთვის კიდევ ერთხელ გაიხსნა

15/06/2022 15:19:18 საზოგადოება

ლუგარის ლაბორატორიის კარი მედიისთვის კიდევ ერთხელ გაიხსნა. კერძოდ, დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში „აშშ-ის როლი საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში“ ქართველი ჟურნალისტებისთვის თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში მედიატური გაიმართა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებს ლაბორატორიის დანიშნულებასა და საქმიანობაზე ესაუბრა.

იგი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსულ დეზინფორმაციას, რომელსაც რუსეთი ლუგარის ცენტრის თაობაზე პერიოდულად ავრცელებს.

გამყრელიძე აცხადებს, რომ ლუგარის ცენტრი გამჭვირვალე სამეცნიერო დაწესებულებაა:

"საქართველოს ჯანდაცვის სისტემისა და კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მთავარი ღერძი სწორედ ამ ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრზე გადის. ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ინსტიტუტებთან - ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ვოლტერიდის ინსტიტუტთან გახლავთ იმის საწინდარი, რომ საქართველო ამ მხრივ და ამ მიმართულებით დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. წინასწარ განზრახვითაც იყო გამოსვლა, გასულ კვირას, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსი, სადაც გამეორდა იგივე ნარატივი, რაც ხშირად გვესმის ლუგარის ცენტრთან მიმართებაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენი [ჟურნალისტების] ვიზიტით, კიდევ ერთხელ ნახეთ თქვენი თვალით, რომ იქ განსაკუთრებული არაფერი არ არის, გარდა მაღალი დონის სამეცნიერო კვლევებისა“.

ამირან გამყრელიძესთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრეცენციის ცენტრების (CDC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორმა ჩარლზ ვაიტეკი, რომელმაც აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალე დაწესებულებაა და რომ, ეჭვები ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის ნაწილია.

რა თქვა ამჯერად რუსეთმა ლუგარის ცენტრზე

ცოტა ხნის წინ რუსულ სახელმწიფო გამოცემა ТАСС-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ლუგარის სახელობის ცენტრი «პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობას" დაუკავშირა.

მოსკოვში კვლავინდებურად ირწმუნებიან, რომ საქართველოში «ტარდება კვლევები მწერების, როგორც განსაკუთრებით საშიში ბიოაგენტებისა და ინფექციების გამომწვევების თაობაზე». ამასთანავე, ზახაროვას მტკიცებით, ლუგარის ცენტრში "მუდმივ საფუძველზე მოქმედებს აშშ-საქართველოს სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევების სამმართველო».

«რუსეთის ოფიციალურ პირებს, მათ შორის საგარეო უწყების წარმომადგენლებს და საზოგადო მოღვაწეებს, ასევე ქართველ ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არაერთგზის აღუნიშნავთ, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს ბადებს აშშ-ის მიერ აკრძალული ბიოლოგიური და ტოქსინური იარაღის ამკრძალავი კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. განცხადებები, თითქოს პენტაგონისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების აქტივობები ფოკუსირებულია მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის საკითხებზე, არ შეესაბამება სინამდვილეს" - კვლავ აგრძელებს რუსეთსა და საქართველოში კრემლის უკვე კარგად ცნობილ სადეზინფორმაციო პროპაგანდისტულ ხაზს ზახაროვა.

რა რეალური მიზანი ამოძრავებს კრემლს

ლუგარის ლაბორატორიაში "ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოების" შესახებ რუსული სადეზინფორმაციო კამპანია მისი გახსნის დღიდან - 2011 წლიდან წარმოებს, მისი ტალღები პერიოდულად გორდება, შემდეგ ცხრება და გარკვეული დროის შემდეგ ისევ ჩნდება. პერიოდულად ვრცელდება დეზინფორმაციები კვლევით ცენტრში "საშიში ვირუსების შტამების გამოყვანის" თაობაზე და სხვა მსგავსი ფეიქ-სიახლეები, შემდეგ კი ამ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ანალოგიურ განცხადებებს აკეთებენ რუსეთის ხელისუფლებისა და მათ კვალდაკვალ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მმართველი რეჟიმების წარმომადგენლებიც.

ხანდახან საქმე სრულ აბსურდამდე მიდის და კრემლი საკუთარ სიცრუეში როგორც საღი აზრის, ისე ცინიზმის ყოველგვარ ზღვარს სცდება. ასე, მაგალითად, 2018 წელს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სწორედ ლუგარის ლაბორატორიას დაუკავშირა ის, რაშიც მთელი ცივილიზებული მსოფლიო სრულიად დასაბუთებულად, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით ბრალს სდებს პუტინის რეჟიმს - კერძოდ, ბრიტანეთში სკრიპალების გამიზნულ მოწამლვაში.

ცხადია, ეს ყველაფერი სრული სიცრუეა, თანაც გამიზნული სიცრუე - საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების, კერძოდ აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომის ნაწილი.

ცნობისთვის: 2011 წელს თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ამოქმედების დღიდან რუსულ მედიაში აქტიურად მუსირებს დეზინფორმაცია ხსენებულ ცენტრში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის, ასევე საშიში ვირუსების შტამების შექმნის შესახებ. ანალოგიური ბრალდებები გამოითქმის მედიის კვალდაკვალ რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან. და ეს - მიუხედავად არაერთი საერთაშორისო დასკვნისა და ლაბორატორიაში ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ექსპედიციისა, რომლებმაც მასში საშიში და საზიანო ვერაფერი გამოავლინეს. პირიქით.

ასე, მაგალითად, 2018 წლის ბოლოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოწვევით ლაბორატორია მოინახულეს მსოფლიოს 17 ქვეყნის ექსპერტებმა. ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ერთხმად განაცხადა, რომ ეს ლაბორატორია "აბსოლუტურად გამჭვირვალეა, მოქმედებს საერთაშორიო სტანდარტების პრინციპით და, რაც მთავარია, მასში გარდა ლაბორატორიულისა (რომელიც საჭიროა დაავადებათა პრევენციისთვის, ადრეული გამოვლენისთვის, ადამიანთა დაცვისთვის), სხვა სამუშაოები არ წარმოებს“. აღსანიშნავია, რომ ლუგარის ლაბორატორიაში არაერთი ვიზიტი აქვთ განხორციელებული რუსეთის წარმომადგენლებსაც.

რუსული პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო უწყებების განცხადებების პირველწყაროდ ყოფილი ქართველი მინისტრი იგორ გიორგაძე სახელდებოდა, თუმცა მანაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში "ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს".

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სადეზინფორმაციო კამპანიის ახალი ტალღა

უკრაინაში შეჭრის დღიდან მოსკოვმა ლუგარის ცენტრის საწინააღმდეგო სადეზინფორმაციო კამპანიის ახალი ტალღა ააგორა. რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების სარდალმა იგორ კირილოვმა ამასწინათ განაცხადა, რომ "შეიმჩნევა საქართველოდან რუსეთისკენ, ევროპისა და ჩინეთისკენ კოღოების იმ სახეობების არეალის გადანაცვლება, რომლებიც ადრე მხოლოდ სამხრეთ ქვეყნებში ბინადრობდნენ".

ამასთან, 7 მარტს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ "ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი პროგრამების ფარგლებში უკრაინაში 30 ბიოლოგიური ობიექტი ფუნქციონირებს, რომლებიც სახიფათო ინფექციების პათოგენებზე მუშაობენ".

კირილოვის ირწმუნება, რომ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ 24 თებერვლიდან, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ამ "ლაბორატორიებში ბიოაგენტების განადგურების ბრძანება გასცა".

მიმდინარე წლის 8 მარტს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა თანამეგობრობამ ფეისბუქში პუბლიკაცია გამოაქვეყნა და კრემლის მედიასაშუალებებს "დეზინფორმაციასა და ზიზღზე დაფუძნებული სიცრუის პროპაგანდირების შეწყვეტა" მოსთხოვა.

ლუგარის ლაბორატორია: რეალობა

სინამდვილეში, საქართველოსა და უკრაინაში არსებული ლაბორატორიები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ლაბორატორიების საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. აღნიშნული ლაბორატორიების ერთ-ერთი მიზანია, დაადგინოს ეპიდაფეთქებების წარმომავლობა - ბუნებრივი გავრცელებაა თუ ბიოტერორიზმის შედეგი.

როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ბიოლოგიური ლაბორატორიები „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული შეთანხმება კი, თავის მხრივ, ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების (NPT) ფარგლებში დაიდო.

როგორც საქართველო, ასევე უკრაინა პირნათლად ასრულებენ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ შემუშავდა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი, რომელიც გვევლინება ტრანსპარენტულობის ერთადერთ ინსტრუმენტად.

კრემლის მიერ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის საპასუხოდ, 2018 წელს, თბილისის თხოვნით, საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომელშიც 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დამკვირვებელი შედიოდა. თბილისმა რუსი ექსპერტებიც მოიწვია, თუმცა მოსკოვმა შემოთავაზება „კატეგორიულად უარყო“, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით. ვიზიტი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხის დადგენას მიეძღვნა. მისიის ანგარიშის თანახმად, ექსპერტებმა ცენტრის ყველა ობიექტი მოინახულეს და აღნიშნეს, რომ „ლაბორატორია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლენს. ვიზიტით მყოფმა ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან“. ამასთან, „ყველა დათვალიერებული აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდა იმ პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან კვლევით და დიაგნოსტიკურ მიზნებს, რაც ცენტრს აქვს გაცხადებული“- ვკითხულობთ ანგარიშში.იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

ამავე თემაზე: მოსკოვს კვლავ თბილისის ლუგარის ლაბორატორია გაახსენდა

დეზინფორმაცია: უკრაინასა და საქართველოში ამერიკული ბიოლაბორატორიებია, რომლებშიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S