
ომის 112–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
15/06/2022 08:42:26 ევროპა
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 32 750 ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 15 ივნისის მდგომარეობით დაახლოებით, ასე გამოიყურება:
- პერსონალი - 32750 (+250 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
- ტანკები 1440 (+6),
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3528 (+25),
- საარტილერიო სისტემები - 722 (+1),
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 230 (+1),
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 97,
- თვითმფრინავი - 213,
- ვერტმფრენები - 179 (+1),
- გემები / ნავები - 13,
- საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2485 (+12),
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი -591 (+3),
- სპეციალური აღჭურვილობა - 55 (+1),
- საკრუიზო რაკეტა – 129 (+4).
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსულ ძალებს რამდენიმე მიმართულებით უკან დაახევინეს.
"დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა მტრის შეტევები მოიგერიეს და დანაკარგებით უკან დაახევინეს ქალაქ ნიკოლაევკასთან, ხოლო ნოვოპავლოვსკის მიმართულებით - დასახლებულ პუნქტ შევჩენკოსთან", – აცხადებენ გენშტაბში.
მისი ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის მიმართულებით აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
რაც შეეხება ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ სევეროდონეცკს და მის გარშემო მდებარე დასახლებულ პუნქტებს, გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები შეტევას განაგრძობენ არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერიეს სევეროდონეცკსა და დაბა ტოშკოვკაში.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის 15 ივნისის ანგარიშის მიხედვით, ერთთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ რუსეთი სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებს.
უწყების ცნობით, რუსეთის ურბანული ომის ტაქტიკამ, რომელიც არტილერიის ძლიერ გამოყენებას ეყრდნობა დიდი ზიანი გამოიწვია მთელ ქალაქში.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები, რამდენიმე ასეულ სამოქალაქო პირთან ერთად, თავს მიწისქვეშა ბუნკერებს აზოტის ქიმიურ ქარხანაში აფარებენ.
უწყება ვარაუდობს, რომ რუსული ძალები განლაგდებიან აზოტის ქარხნის მიდამოებში, რაც ოკუპანტს ხელს შეუშლის დროებით ჯარის ეს დანაყოფები სხვაგან გადაიყვანოს.
"ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი თავდაპირველად შეჭრის დაგეგმვისას მოელოდა ასეთ მძლავრ წინააღმდეგობას, ან ასეთ ნელ, დამღლელ კონფლიქტს", - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.