უკრაინაში როსგვარდიის პრესსამსახურის თანამშრომელი, პოლკოვნიკი მოკლეს
15/06/2022 07:17:33 მსოფლიო
უკრაინაში 13-14 ივნისის ღამეს მიმდინარე ბრძოლების დროს მოკლეს რუსეთის გვარდიის პრესსამსახურის თანამშრომელი, წოდებით პოლკოვნიკი სერგეი პოსტნოვი. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ვეტერანთა საბჭო იტყობინება.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ პოსტნოვი "სამხედრო მოვალეობის შესრულებისას" გარდაიცვალა. ის მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საინფორმაციო რეაგირების ჯგუფის უფროსად.
„სერგეი პოსტნოვი ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ასრულებდა სამსახურსა და საბრძოლო დავალებებს უკრაინაში სპეცოპერაციის ზონაში. „V“ ჯგუფის შემადგენლობაში ის იმყოფებოდა გოსტომელში, შემდეგ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ქალაქის განთავისუფლებაში ხარკოვის რეგიონში და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“, - წერს ვეტერანთა საბჭო.
პოსტნოვი იყო ეკატერინბურგის სუვოროვის სახელობის სამხედრო სკოლის, ასევე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო უნივერსიტეტის კულტურისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. 2002 წელს იგი დაინიშნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში.
29 მაისს „მედიაზონამ“ უკრაინაში 41 წლის პოლკოვნიკის, თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ვლადიმერ ივანოვის გარდაცვალებაზე ისაუბრა.


