ბრიტანული დაზვერვა – ერთთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ რუსეთი სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებს
15/06/2022 06:50:36 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ერთთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ რუსეთი სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებს.
უწყების ცნობით, რუსეთის ურბანული ომის ტაქტიკამ, რომელიც არტილერიის ძლიერ გამოყენებას ეყრდნობა დიდი ზიანი გამოიწვია მთელ ქალაქში.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები, რამდენიმე ასეულ სამოქალაქო პირთან ერთად, თავს მიწისქვეშა ბუნკერებს აზოტის ქიმიურ ქარხანაში აფარებენ.
უწყება ვარაუდობს, რომ რუსული ძალები განლაგდებიან აზოტის ქარხნის მიდამოებში, რაც ოკუპანტს ხელს შეუშლის დროებით ჯარის ეს დანაყოფები სხვაგან გადაიყვანოს.
"ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი თავდაპირველად შეჭრის დაგეგმვისას მოელოდა ასეთ მძლავრ წინააღმდეგობას, ან ასეთ ნელ, დამღლელ კონფლიქტს", - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


