დღეს ბრიუსელში შეხვედრას, რომელზეც უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების გაწევაზე იმსჯელებენ, საქართველოს თავდაცვის მინისტრიც დაესწრება
15/06/2022 06:07:38 მსოფლიო
დღეს ბრიუსელში გაიმართება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის სხდომა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს.
საკონტაქტო ჯგუფი იმსჯელებს, ვის რა ტიპის შეიარაღებით შეუძლია უკრაინის დახმარება. საუბარია არტილერიაზე, ჯავშანტექნიკაზე, უპილოტო საფრენ აპარატებსა და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე. რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინამ დასავლეთის სახელმწიფოებისგან არაერთხელ მიიღო მძიმე შეიარაღება, თუმცა, კიევში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ 10%-ია იმისა, რაც უკრაინის არმიას სჭირდება.
პენტაგონის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. მსგავსი ტიპის ღონისძიებას პირველად, საქართველოც დაესწრება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 9 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"შეიარაღების კუთხით ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ჩვენ სამწუხაროდ, უკრაინას ვერ ვაწვდით ვერც იარაღს და ვერც ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, თუმცა მომდევნო კვირაში მე დავესწრები ამ შეხვედრას ნატო–ს მინისტერიალის შემდეგ", – განაცხადა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის: გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ საჰაერო-სამხედრო ბაზაზე რეგულარულად იკრიბებიან რიგი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები. შეხვედრების მასპინძელი აშშ–ია. აპრილის ბოლოს ბაზაზე 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შეიკრიბა რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დაცვის საკითხზე სამსჯელოდ. ღონისძიებას ნატო–ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე ალიანსის 14 არაწევრი სახელმწიფოს მინისტრები ესწრებოდნენ. საქართველო ამ შეხვედრაზე არ იყო წარმოდგენილი. რიგით მეორე მსგავსი შეხვედრა მაისშიც გაიმართა, თუმცა შეხვედრას ქართული მხარე არც მაშინ ესწრებოდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ განხილვის მთავარი თემა კიევისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინის პოსტსაომარ პერიოდში აღდგენა იყო, საქართველოს როლი კი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით შემოიფარგლება.


