უკრაინის გენშტაბი – უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსულ ძალებს რამდენიმე მიმართულებით უკან დაახევინეს
15/06/2022 05:57:48 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსულ ძალებს რამდენიმე მიმართულებით უკან დაახევინეს.
"დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა მტრის შეტევები მოიგერიეს და დანაკარგებით უკან დაახევინეს ქალაქ ნიკოლაევკასთან, ხოლო ნოვოპავლოვსკის მიმართულებით - დასახლებულ პუნქტ შევჩენკოსთან", – აცხადებენ გენშტაბში.
მისი ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის მიმართულებით აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
რაც შეეხება ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ სევეროდონეცკს და მის გარშემო მდებარე დასახლებულ პუნქტებს, გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები შეტევას განაგრძობენ არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერიეს სევეროდონეცკსა და დაბა ტოშკოვკაში.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


