სანქციების გამო სერბეთი რუსული ნავთობის იმპორტს ვერ შეძლებს
14/06/2022 16:21:57 მსოფლიო
ევროკავშირის სანქციების გამო სერბეთი 1 ნოემბრიდან ვერ შეძლებს რუსული ნავთობის იმპორტს. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა და დასძინა, რომ სერბეთი ზამთარში ენერგომატარებლების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ევროკავშირმა 3 ივნისს ოფიციალურად დაამტკიცა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ემბარგოს რუსეთის ნავთობზე.
სერბეთმა ოფიციალურად დაგმო რუსეთის შეჭრა, მაგრამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე.
სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. 10 ივნისს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირში სერბეთის მიღებისთვის აუცილებელია, ქვეყანა მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და შეთანხმებას მიაღწიოს კოსოვოს თაობაზე.


