
ანტარქტიდას 315 მლრდ ტონა აისბერგი მოსწყდა
01/10/2019 09:49:36 სხვა, მსოფლიო
ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოსწყდა, –იუწყება BBC.
აისბერგის ფართობი 1,6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ეიმერის შელფური მყინვარიდან წარმოქმნილი აისბერგი საზღვაო ხომალდებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ მისი ადგილმდებარეობის და მიმართულების დასადგენად აისბერგზე უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობს.
ეიმერის შელფური მყინვარი ანტარქტიდაზე სიდიდით მესამეა. ბოლოს მსგავსი მასშტაბების აისბერგი ეიმერის შელფურ მყინვარს 50 წლის წინ მოსწყდა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ყინულის გიგანტური მასის მოწყვეტა კლიმატის ცვლილებას არ უკავშირდება.
ამჟამად აისბერგი დასავლეთით მიემართება. როგორც მეცნიერები იტყობინებიან, ყინულის გიგანტური მასის ბოლომდე დადნობას რამდენიმე წელი დასჭირდება.