თურქეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მომსახურებით ვაჭრობა დაემატება
14/06/2022 11:19:00 ეკონომიკა
თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მომსახურებით ვაჭრობა დაემატება,– ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძისა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის მუსტაფა ტუზჯუს შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
„თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ შევთანხმდით, უახლოეს მომავალში შევძლებთ, ხელი მოვაწეროთ ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში, რაც ორი ქვეყნის ბიზნესებს ერთმანეთის ბაზრებზე საკუთარი სერვისების გაყიდვას გაუმარტივებს. ეს გაზრდის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვას და თანაბრად მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისათვის,“ - განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, არველაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მე-12 მინისტერიალს ესწრება. დაგეგმილია მისი ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების სავაჭრო დელეგაციების ხელმძღვანელებთან.


